თემა: ქრისტიანობა,  მართლმადიდებლობა,  ლოცვა,  რწმენა,  ერესი,  სასწაულები,  ღვთის მსჯავრი სასჯელი


კონსტანტინეპოლის პატრიარქის, წმიდა ალექსანდრეს კამათი.

ღვთის მოსაგრე ალექსანდრეს, რომელსაც ღირსეულად ეკავა საპატრიარქო ტახტი, არა მხოლოდ არიანელთა წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, რომლებიც მგლებივით იწევდნენ ქრისტეს სამწყსოზე, არამედ ელინელ ბრძენებთანაც.
    ერთხელ ზოგიერთმა მათგანმა გაბედა, მეფისთვის შეეხსენებინა, რომ მას მამაპაპათა რწმენაზე უარი უთქვამს და ახალი, რაღაც გაურკვეველი მიიღო, რითაც მეფობის დაცემა დააჩქარა. ისინი კიდევ უფრო შორსაც წავიდნენ: მეფეს სთხოვეს, მათთვის ნება მიეცა, ეკამათათ წმიდა ალექსანდრესთან, რომელი რწმენა უმჯობესია - ძველი თუ ახალი? მეფემ ნება მისცა.
    ქრისტეს მოსაგრე ალექსანდრე, მართალია, სახარების სიბრძნეში განისწავლებოდა, მაგრამ სულიწმიდის მადლის იმედით პაექრობაზე უარი არ უთქვამს. შეიკრიბნენ ფილოსოფოსები და ყველა ისინი, ვისაც სახარებისეული რწმენა სძულდა. წმიდა ალექსანდრემ დაინახა, რომ მოწინააღმდეგენი ბევრად მეტნი იყვნენ და დაიყოლია ისინი, რათა თავიანთ შორის ბრძენი და მჭევრმეტყველი ამოერჩიათ, რომელსაც გაეჯიბრებოდა. იგი ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო, ერთბაშად ათასი ხმისათვის გაეცა პასუხი. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ წარადგინეს მთელ საბერძნეთში განთქმული ბრძენი. ყველა დანარჩენი მათ მოსასმენად მოემზადნენ და იმისათვისაც, რომ საჭროების შემთხვევაში წარმართ ფილოსოფოსს დახმარებოდნენ.
    უწმიდესმა პატრიარქმა კი ასეთი სიტყვებით დაიწყო:
    -ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე...
    ბრძენს მეყსეულად წაერთვა მეტყველება, ისე, რომ ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა. ამის დანახვაზე შეკრებილი ფილოსოფოსები შიშისა და სირცხვილისგან თავზარდაცემულნი იყვნენ - ერთნი გარბოდნენ, მეორენი კი ქრისტეს აღიარებდნენ. დამუნჯებული ბრძენი კი წმიდა მამის ფეხებთან დაემხო და მინიშნებით უმტკიცებდა სახარებისეული რწმენის სიწმიდეს, რის გამოც მოსაგრის ლოცვით განიკურნა და სხვებთან ერთად მოინათლა. ყველა ქრისტიანი ადიდებდა უფლის სახელს.
    ასე დასრულდა კამათი ქრისტიანებსა და წარმართებს შორის.
    ეს მაგალითი იმის მიმანიშნებელია, რომ ქრისტიანისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ იგი არაფერში არ უნდა დაეჭვდეს. სხვაგვარად უფალი არ შეისმენს მის ლოცვას, რადგან ეს ურწმუნო ადამიანის ლოცვა იქნება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები